KA030101624663214

№ 01-18438 31 / ოქტომბერი / 2014 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრის
მოადგილეს ბატონ დავით ლომიძეს

სამინისტროს აპარატის უფროსის
ნანა ქავთარაძის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

თქვენი 2014 წლის 21 ოქტომბრის 104982 დავალების თანახმად, რომელიც ეხება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გასაფორმებელ მაკრო–ფინანსური დახმარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის, საგრანტო და სასესხო ხელშეკრულებების პროექტებს, მოგახსენებთ რომ, როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნული დახმარების პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსთვის 46 მლნ ევროს გამოყოფას, საიდანაც 23 მლნ ევრო გათვალისწინებულია გრანტის, ხოლო დანარჩენი - 23 მლნ სესხის სახით.

მიკრო–ფინანსური დახმარების საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს პირველი ტრანშის ჩამორიცხვას 13 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო მეორე ეტაპზე ტრანშის ოდენობა იქნება 10 მლნ ევრომდე. როგორც მოგეხსენებათ, დახმარების პირველი ნაწილი უნდა ჩამოირიცხოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაკრო–ფინანსური დახმარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისა და ძალაში შესვლის შემდეგ. დახმარების მეორე ნაწილის ჩამორიცხვა არ განხორციელდება პირველი ტრანშის ჩამორიცხვიდან არაუადრეს სამი თვისა.

ამასთან, ევროკომისიას შეუძლია შეამციროს, შეაჩეროს ან გააუქმოს დახმარება იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების საჭიროებები ფუნდამენტალურად შემცირდება ჩამორიცხვის პერიოდში პირველად დაგეგმვასთან შედარებით.

გრანტის მეორე ნაწილის ჩამორიცხვამდე საქართველოს უფლებამოსილი ორგანოები ევროკომისიას მიაწვდიან ურთიერთგაგების მემორანდუმის დანართ 1–ში მოცემული პოლიტიკის ღონისძიებების შესრულების შესაბამისობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ევროკომისია შეაფასებს აღნიშნული ღონისძიებების შესრულების პროგრესს. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, ევროკომისიას შეუძლია უარი თქვას დახმარების თანხის მეორე ნაწილის ჩამორიცხვაზე, სანამ საქართველო არ უზრუნველყოფს დანართი 1–ში გაწერილი რიგი ღონისძიებების შესრულებას, საიდანაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელ აქტივობებს მიეკუთვნება მე–3 და მე–4 ღონისძიებები („სოციალური უსაფრთხოება“).

ღონისძიება 3

საქართველოს შრომი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის, USAID-ის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით დაასრულებს ჯანდაცვის სერვისების მოხმარების მაჩვენებლებისა და შინამეურნეობების დანახარჯების კვლევას. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ჯანდაცვის სექტორში რეფორმების შეფასებაში ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, მოცვის, კმაყოფილების და მოსახლეობის ფინანსური დაცვის კუთხით, რომელიც 2013 წელს დაწყებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის (UHC) შემდგომი დიზაინის, ოპერაციებისა და ფინანსური მართვის დახვეწის საფუძველი იქნება.


ღონისძიება 4

საყოველთაო ჯანდაცვის და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შექმნის სპეციალურ ქვედანაყოფს ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება მიკრო–ფინანსური დახმარების სასესხო ხელშეკრულებას, მოგახსენებთ, რომ სასესხო ხელშეკრულების ამოქმედება და შესაბამისად, თანხის გადმორიცხვა მოხდება საქართველოს პარლამენტის მიერ სასესხო ხელშეკრულების რატიფიცირების შემდგომ. სასესხო ხელშეკრულება მსესხებელს აძლევს საშუალებას, ძირითადი თანხიდან ნაწილ–ნაწილ აიღოს 23 მლნ ევრომდე ოდენობის თანხა, რომელიც გაიცემა ორ ტრანშად – 10 მლნ ევრო და 13 მლნ ევრო. სესხის დაფარვის ვადა თითოეულ ჩამორიცხვაზე არ უნდა აღემატებოდეს მისი ჩამორიცხვიდან 15 წელს. საპროცენტო განაკვეთი ყოველი ტრანშისთვის განისაზღვრება თითოეული ტრანშის ჩამორიცხვის წინ.

დამატებით მოგახსენებთ, რომ სამინისტროს აპარატმა განიხილა ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი და თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტების მიმართ შენიშვნები არ გააჩნია, თუმცა ვფიქრობთ, რომ აღნიშნული დოკუმენტები ასევე აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ეკონომიკურ და იურიდიულ დეპარტამენტებთან და საბოლოო გადაწყვეტილება სამინისტრომ უნდა მიიღოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ასაღები ვალდებულებების (აუცილებლად შესასრულებელი ღონისძიებების) მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

აქვე გაცნობებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად საქართველოსა და ევროკავშირს შორის გასაფორმებელ მაკრო–ფინანსური დახმარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის, საგრანტო და სასესხო ხელშეკრულებების პროექტების მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

პატივისცემით,

 

 

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი
ნანა ქავთარაძე